საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ოთხი სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე გამოაცხადა ტენდერი. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტენდერი გამოცხადდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.
„მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 29 სკოლის მშენებლობას იწყებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. ახალი სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით რეაბილიტირდება ათეულობით სკოლა, მათ შორის, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლები. მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ ეტაპზე შვიდი სკოლის მშენებლობაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული“, - ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.