”L410 ტიპის თვითმფრინავი სრულად შეესაბამება უსაფრთხოების დონეს”

”ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ამ თვითმფრინავთან დაკავშირებით, არის სრულიად უსაფუძვლო”

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, L410 ტიპის თვითმფრინავი სრულად შეესაბამება უსაფრთხოების დონეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსმა, გურამ ჯალაღონიამ განაცხადა, ამ თვითმფრინავის უსაფრთხოებას ადასტურებს ის სატესტო ფრენები, რომელიც განხორციელდა 24-26 ივნისს მესტიის მიმართულებით.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ამ თვითმფრინავთან დაკავშირებით, არის სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ეს ხომალდი არის ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ სერთიფიცირებული, რაც ადასტურებს მის უსაფრთხოებას. ეს ხომალდი შეესაბამება ევროკავშირის მკაცრ საავიაციო უსაფრთხოების მოთხოვნებს. 24-26 ივნისს ამ თვითმფრინავით ჩვენ განვახორციელეთ სატესტო ფრენები მესტიის მიმართულებით, რაზეც შედგა შესაბამისი ანგარიში. ამ ანგარიშის მიხედვით დასტურდება, რომ ფრენები ამ კონკრეტული ტიპის თვითმფრინავით იქნება სრულიად უსაფრთხო. ეს თვითმვრინავი შეესაბამება უსაფრთხოების ნორმებს. ასევე, ჩვენი მხრიდან იქნება ზედამხედველობა ფრენებზე, რომელიც განხორციელდება ნატახტარი-მესტიის მიმართულებით", - განაცხადა ჯალაღონიამ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის თქმით კი, ეს თვითმფრინავი სრულად აკმაყოფილებს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელიც იყო ტენდერით განსაზღვრული.

"ეს განცხადებები არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. ჩავატარეთ ტენდერი. მესტია არის მთიანი რეგიონი და იქ ფრენას აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშნები, ტექნიკური დეტალები ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავწერეთ, კერძოდ თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საჰაერო ხომალდი, ისე ეკიპაჟი. ხომალდის მიმართ იყო, რომ მას უნდა ჰქონოდა ორი ძრავი და ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს ათასი და ხუთასი საათის ფრენის გამოცდილება. ამ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ "სერვის ეარმა". ამ კომპანიამ ჩამოიყვანა ჩეხური წარმოების L410 ტიპის ხომალდები, რომლებიც შეესაბამება ჩვენს მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ მაჩვენებლებს", - განაცხადა ალექსიძემ.

მისივე ინფორმაციით, კანადურ კომპანიასთან თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყდა, რაც კონტრაქტი ამოიწურა. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ის სტატისტიკა, რომელიც ამ ტიპის თვითმფრინავების კატასტროფასთან დაკავშირებით არსებობს, სრულიად არ არის საგანგაშო.

ამასთან, "საქაერონავიგაციის" ყოფილი ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი აცხადებს, რომ მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა, ჩეხური წარმოების L- L410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა მოგვიტანოს. როგორც კარბელაშვილმა განაცხადა, მესტიის აეროპორტი ურთულეს აეროპორტად ითვლება და თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა L- L410 ტიპის თვითმფრინავების საქართველოში ფრენაზე, რადგან ის წარმატებული თვითმფრინავი არ არის.

ასევე იხილეთ: უსაფრთხოა თუ არა ნატახტარიდან მესტიაში ფრენა?