დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და დასაქმებულმა, მისმა დამსაქმებელმა და სახელმწიფომ, დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2-2-2%-ის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე უკვე შეიტანა.
თუ როგორ უნდა გავიგოთ, რა თანხაა დაგროვილი ჩვენს საპენსიო ანგარიშზე, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ უპასუხა.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, მოქალაქე შევიდეს საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე, გაიაროს რეგისტრაცია და საკუთარი ანგარიშის შესახებ დეტალურად შეიტყობს.
„იმისთვის, რომ გადაამოწმოთ რამდენი თანხაა დაგროვილი თქვენს საპენსიო ანგარიშზე, უნდა შეხვიდეთ ჩვენს ვებ გვერდზე - pensions.ge, სადაც იპოვით ღილაკს „საპენსიო საგენტოს სისტემაში გადასვლა. დააწვებით ღილაკს და შეხვალთ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, სადაც უნდა ჩაწეროთ თქვენი ბუღალტრის მიერ გადმოცემული დროებითი პაროლი და სახელი (ე.წ ლოგინი, სადაც თქვენი პირადი ნომერი უნდა ჩაწეროთ). შემდეგ სისტემა მოგთხოვთ დროებითი პაროლის შეცვლას, რამდენიმე კითხვას უპასუხებთ და თქვენი გვერდი გადაფორმირდება, სადაც დაინახავთ პირად ანგარიშსაც, დამსაქმებლებსაც, მათ მიერ გადმორიცხულ თანხასაც და ა.შ“,-განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, რომელშიც ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს. დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, რისთვისაც საპენსიო სააგენტოს უნდა მიმართონ. ისინი ამის გაკეთებას შეძლებენ ავტომატურად გაწევრიანებიდან 3 თვის შემდეგ, ანუ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში.