სახლი და ავტოფარეხი, სადაც ჯეფ ბეზოსმა Amazon-ი შექმნა, 1,5 მლნ დოლარად იყიდება (+ფოტო)

სახლი თავისი ავტოფარეხით, სადაც ჯეფ ბეზოსმა კომპანია Amazon-ი დააარსა, იყიდება. უძრავი ქონების სააგენტო johnlscott.com-ის მიხედვით, სახლი 1.5 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

როგორც განცხადებაში წერია, სახლი 1954 წელს აშენდა და 2001 წელს განახლდა. მას აქვს სამი საძინებელი და ტერასა ჯაკუზით. უძრავი ქონების მთლიანი ფართობი 143 კვადრატული მეტრია. სახლი იყიდება თავისი ტექნიკით, მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ღუმელი, მაცივარი და ა.შ.

როგორც უძრავი ქონების აგენტი წერს, დეკორატიულ მასალად გამოყენებულია ბუნებრივი ხე, იატაკზე კი ხალიჩაა დაგებული. განცხადებაში ისიც წერია, რომ ამ სახლში 90-იან წლებში ჯეფ ბეზოსმა კომპანია Amazon-ი დააარსა.

ავტოფარეხი რემონტის გამო შეიცვალა და ბეზოსის დროინდელს არ ჰგავს, თუმცა დიდი საფოსტო ყუთი, რომელიც თავად ბიზნესმენმა დააყენა, ისევ არსებობს.

სახლის ფასი თითქმის 1.5 მილიონი დოლარია. როგორც გამოცემა CNBC-ი წერს, მისი ისტორიიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ეს ფასი თითქმის სამართლიანია. სახლი ერთ-ერთ მდიდარ რაიონში, სიეტლში მდებარეობს.

ინტერნეტმაღაზია Amazon.com 1994 წლის 5 ივლისს შეიქმნა. საზოგადოების ნაწილი მას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა კომპანიის განვითარების ტემპი საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა. ავტოფარეხში თავიდან ბეზოსი, მისი მეუღლე მაკენზი და რამდენიმე თანამშრომელი მუშაობდა. თავდაპირველად კომპანია ინტერნეტით წიგნებს ყიდდა. მაშინ სახლის ფასი 135 ათასი დოლარი იყო. უკვე 1999 წელს Amazon ყველაზე საინტერესო და მდიდარ კომპანიად მიიჩნეოდა, მას შემდეგ კომპანიის ზრდა არ შეჩერებულა.

2018 წელს კომპანია Apple-ის შემდეგ მეორე იყო, რომლის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს მიაღწია. Forbes-ის ინფორმაციით, ბეზოსი 131.6 მილიარდი დოლარის მფლობელია და იგი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია.

ლიკა ამირაშვილი