პირველკლასელებს ”იუ ჯი თი"-ს კომპიუტერებს გადასცემენ

პირველკლასელთათვის გადასაცემ კომპიუტერებთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო კომპანია "იუ ჯი თი"-სთან ხელშეკრულებას სავარაუდოდ, დღეს გააფორმებს.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, რამდენადაც მისთვის ცნობილია, არჩევანი კომპანია "იუ ჯი თის" მიერ წარმოდგენილ მოდელზე შეჩერდა. მისივე ინფორმაციით, კომპანიასთან ამჟამად საუბარი და კონტრაქტის პირობების შეთანხმება მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, "იუ ჯი თიმ" დისკვალიფიკაცია კონკრეტული ტენდერის ფარგლებში მიიღო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დისკვალიფიკაციასა და შესყიდვას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს. მისივე განმარტებით, ტენდერში გამოიკვეთა ორი რეალური პრეტენდენტი "ალგორითმი" და "იუ ჯი თი".

"ტენდერის პირობებში, როდესაც მიიღო დისკვალიფიკაცია "იუჯითიმ" იმ კონკრეტულ მოდელზე, რომელიც წარმოადგინა, იმიტომ რომ, ხარვეზი იყო დოკუმენტაციაში, ამის შემდეგ წარმოადგინეს სხვა მოდელები, როგორც "იუ ჯი თის", ასევე "ალგორითმის" მხრიდან. შეჯერდა ინფორმაცია, შედარდა მოდელი და წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შედარდა ფასები და ფასის მიხედვით და წარმოდგენილი მოდელის მიხედვით ყველაზე კარგი შემოთავაზება მოგვცა "იუ ჯი თიმ". ასევე ვეტევით მოწოდების ვადებში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხელშეკრულება გავაფორმოთ "იუ ჯი თი"- სთან", - განმარტა თამარ სანიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, პირველკლასელები კომპიუტერებს სწავლის დასაწყისში მიიღებენ.