10 წელიწადში პენსია შესაძლოა, 350 ლარამდე გაიზარდოს.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამისათვის ბიუჯეტს დაახლოებით 4 მლრდ ლარი დასჭირდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პენსიონერებისათვის ეს სხვაობა შესამჩნევი გახდეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პენსიის თვითღირებულება რეალურად უცვლელი დარჩება, რის ერთ-ერთ მიზეზადაც სწორედ ინფლაცია სახელდება.
აქედან გამომდინარე, მთავრობის მცდელობას, რომ საბაზისო პენსიის ყოველწლიური ზრდა კანონით დარეგულირდეს, ჯერჯერობით დიდ აღფრთოვანებას ვერ იწვევს, რადგან ამით პენსიონერების მდგომარეობა დიდად არ შეიცვლება.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, ყოველწლიურად პენსიის ზრდა ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე იქნება დამოკიდებული. დეპუტატის მოსაზრებას თუ ვერწმუნებით, პენსიამ წელიწადში დაახლოებით 10-12 ლარის ფარგლებში უნდა მოიმატოს, რაც, სპეციალისტების გათვლით, პენსიონერების ყოფას ვერ შეამსუბუქებს.
„ვიცით, რომ წელს საბაზისო პენსია 20 ლარით გაიზარდა და 200 ლარი გახდა, წინასწარ ვიცით, რომ 2020 წელს იქნება 220 ლარი. შემდგომ წლებში პენსიის ზრდა უნდა მოხდეს არა პოლიტიკოსების დაპირებებით, არამედ უნდა ჩაიდოს კანონში მექანიზმი, რომლითაც თითოეული პენსიონერ არ იქნება პოლიტიკოსების წყალობის მომლოდინე და ცრუ დაპირებების ილუზიაში. ეცოდინება, რამდენით გაეზრდება ყოველწლიურად პენსია, რომელიც დამოკიდებული იქნება ფასებსა და ეკონომიკურ ზრდაზე, ანუ თუ გაიზრდება ინფლაცია, მოიმატებს პენსია, თუ იქნება ეკონომიკის ზრდა და საშუალო ხელფასის ზრდა, შესაბამისი პროპორციით მოიმატებს პენსიაც", - აცხადებს ზოიძე.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საბაზისო პენსია, მთავრობის მიერ დასახული გეგმის მიხედვითაც კი, რეალურად დაბალი რჩება. მით უმეტეს, რომ პენსიონერების რიცხვიც იზრდება და მოსალოდნელია, რომ მომდევნო 10 წელიწადში 1 მილიონს გადააჭარბოს.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ყოველწლიურად პენსიის ზრდა, სულ მცირე, 12 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
„იზრდება არა მარტო პენსიის სიდიდე და პენსიონერთა რაოდენობა, არამედ – მშპ-ც. ახლა საპენსიო უზრუნველყოფისათვის 2 მლრდ ლარზე მეტი გვაქვს მთლიანობაში გამოყოფილი. უახლოეს პერიოდში 7-8 წლის შემდეგ უნდა გავიდეთ 20-25%-ის ზრდის დონეზე, რაც საკმაოდ მიღწევადია, რომ ბიუჯეტს სერიოზული ტვირთი არ დააწვეს.
დღევანდელი ფასებისა და ზომიერი ინფლაციის პირობებში, 10 წელიწადში აბსოლუტურად საკმარისი იქნება 2 მლრდ ლარი, რათა ჩვენ შევძლოთ პენსიონერების შედარებით ღირსეული უზრუნველყოფა. ასეთ შემთხვევაში, პენსიამ დაახლოებით მომდევნო 10 წელიწადში 120 ლარით შეიძლება მოიმატოს და ის 330-350 ლარით განისაზღვროს. ეს არ არის დიდი პენსია, ჩვენი ხელფასები ყოველწლიურა (ბოლო წლებში) საშუალოდ 60-70 ლარით მატულობს და ჩვენ თუ 150 ლარით გავზრდით პენსიას, ეს არ იქნება ძალიან დიდი მაჩვენებელი", - აცხადებს „რეზონანსთან" სოსო არჩვაძე.
სტატისტიკოსი ასევე საუბრობს დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობაზე და დასძენს, რომ დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში მას სხვა ალტერნატივა არ აქვს.
„ჩვენ თუ გვინდა, გვერქვას ცივილიზებული ქვეყანა, აუცილებლად უნდა არსებობდეს საბაზისო ეკონომიკის მნიშვნელოვანი ატრიბუტი, როგორიცაა დაგროვებითი პენსია, ამიტომ თვითონ ამ სისტემის დანერგვას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რომ იტყვიან, „ეშმაკები" დეტალებშია.
რა თქმა უნდა, მოსახლეობას ახასიათებს დაბერების ტენდენცია. ყოველ 3 წელიწადში ერთხელ მოსახლეობის საშუალო მედიანური ასაკი იზრდება 1 წლით, ანუ სულ უფრო იმატებს ასაკოვანი ადამიანების წილი და მცირდება იმ შრომისუნარიანების წილი, ვინც უნდა მოხუცი თაობა შეინახოს. შესაბამისად, პენსიონერების ხარჯი ბიუჯეტს დიდ ტვირთად დააწვება. საჭიროა, რომ მოსახლეობამ თვითონაც იზრუნოს თავის კეთილდღეობაზე და მარტო სახელმწიფოზე არ იყოს დამოკიდებული.
რაც შეეხება ინფლაციის მიხედვით პენსიის გაზრდას, მოსახლეობისათვის ინფლაციის სტატისტიკური მაჩვენებელი და მისი ფაქტობრივი დონე, რითაც უწევთ პენსიონერებს ბაზართან შეჯახება, განსხვავებული სიდიდეებია, რადგან იმ საქონლის ფასი სწრაფად იზრდება (ინფლაციის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით), რომლის ძირითადი მომხმარებლები პენსიონერები არიან. მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასები 3-ჯერ უფრო სწრაფად მატულობდა ბოლო ათწლეულში, ვიდრე დანარჩენ საქონელზე", - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შემთხვევაშიც კი პენსიების გაზრდა ამ კატეგორიის მოქალაქეებს მაინც გაუსაძლის პირობებში ჩააყენებს.
„სამთავრობო დოკუმენტში ლაპარაკია, რომ სადღაც 10-15 წლის შემდეგ მათი რიცხვი 1 მილიონს გადააჭარბებს. ჩვენ თუ განვითარებული საერთო საზოგადოების მშენებლობაზე გვაქვს პრეტენზია, აუცილებელია, რომ სახელმწიფო ფონდის ფორმირებაში გათვალისწინებულ იქნას სოლიდარობის პრინციპი, ანუ ახალგაზრდა თაობა მონაწილეობს გარკვეულწილად პენსიონერთა მდგომარეობის უზრუნველყოფაში თავიანთი შენატანებით, გადასახადებით და შემდეგ ისინი რომ მიაღწევენ საპენსიო ასაკს, მათ უკვე ახალგაზრდა მომდევნო თაობა გაუწევს შესაბამის დახმარებას. ეს ნიშნავს თანამონაწილეობას გარკვეულ სოლიდარულ დახმარებაზე, როგორც შეიძლება წარმოვიდგინოთ ოჯახები, რომლებშიც პენსიონერების დაახლოებით 99% ცხოვრობს, ამიტომ პენსიონერების ფაქტობრივი მოხმარება 1,5%-ჯერ მეტია იმასთან შედარებით, რამდენიც იქნებოდა მათი ცალკე ცხოვრების პირობებში. ეს პრინციპი არის დავიწყებული სამთავრობო დოკუმენტში და მისი გათვალისწინება ჩვენს საზოგადოებას უფრო შემწყნარებლურსა და ჰუმანურს გახდის", - აღნიშნავს „რეზონანსთან" სტატისტიკოსი.
საპენსიო თანხის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის მოსაზრებას სკეპტიკურად უყურებს ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი, რადგან ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომით პენსიის ღირებულება არ შეიცვლება ან შეიძლება, უფრო ნაკლებიც გახდეს.
„წესითა და რიგით, პენსიის ზრდა არც უნდა იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული. რამდენადაც ვიცი, საუბარია ინფლაციასთან ინდექსირებაზე, რაც საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა. ბევრ ქვეყანაში იგი სხვადასხვა ციფრთან არის მიბმული, მათ შორის - ინფლაციასთან. როდესაც ჩვენთან საშუალო ხელფასი 1200 ლარია და პენსია – 200 ლარი, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ჩემი აზრით, სხვაობა ყოველთვის დიდი იქნება და პენსია საშუალო ხელფასის თუნდაც 40%-ს ვერასდროს მიაღწევს.
რეალურად საბაზისო პენსიის თვითღირებულება არ გაიზრდება, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან მისი მსყიდველუნარიანობა იგივე დარჩება, დაგროვებითი პენსიით კი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ის სარგებელს დაახლოებით 25 წლის შემდეგ მიიღებს და რეალურად პენსია ძალიან დაბალი იქნება. შეიძლება, პენსიის ღირებულება იგივე დარჩეს ან - უფრო ნაკლები, რადგანე ჩვენ არ ვიცით, რამდენად სწორ ინდექსირებას მოახდენენ", - განუცხადა „რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"