2017 წელს, სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი იყო - საფინანსო-სადაზღვევო, ასევე პროფესიულ-სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები და მშენებლობა. ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.
რაც შეეხება ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ესენია - განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობები, სოფლის მეურნეობა და განათლება.
„2014-2017 წლებში დაქირავებით დასაქმებულთა როგორც საშუალო თვიური ნომინალური, ასევე რეალური ხელფასი ყოველწლიურად იზრდებოდა. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ნომინალური ხელფასი 6%-ით გაიზარდა და 999 ლარს გაუტოლდა, თუმცა, რეალური ხელფასის ოდენობამ, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 2 ლარით (0.2%) მოიმატა და 803 ლარი შეადგინა. 2014 წელთან შედარებით, 2017 წელს, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 22.1%-ით (181 ლარი), ხოლო რეალური ხელფასი 8.4%-ით (63 ლარი) გაიზარდა“,- ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წელს, სულ 1 222 153 ფიზიკური პირის შემოსავალი დეკლარირდა. საიდანაც, ფიზიკური პირების 46%-ის (565 950 ადამიანი) ყოველთვიურმა შემოსავალმა საშუალოდ 400 ლარზე ნაკლები, ხოლო 1%-ის (9 826 ადამიანი) შემოსავალმა კი - 8 333 ლარზე მეტი შეადგინა.
PMCG-ის ინფორმაციით, 2017 წელს, თვეში საშუალოდ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ფიზიკურ პირთა 74%-ს (914 227 ადამიანი), 1000 ლარზე მეტი კი 26%-ს (307 926 ადამიანი) დაუფიქსირდა.
კვლევის მიხედვით, 2017 წელს, ხელფასებს შორის მკვეთრი სხვაობაა ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების მიხედვითაც. კერძოდ:
„2017 წელს, სამი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი იყო: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (2008 ლარი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (1595) და მშენებლობა (1466 ლარი). ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი შემდეგ სექტორებში დაფიქსირდა: განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (672 ლარი), სოფლის მეურნეობა (643 ლარი) და განათლება (577 ლარი). აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორში, დასაქმებული მოსახლეობის 2% მუშაობდა, მაშინ როცა ორ ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორში დასაქმებულთა 52% იყო კონცენტრირებული“,- ნათქვამია კვლევაში.