როგორ იცვლებოდა დასაქმებულთა რაოდენობა 2014-2017 წლებში

დასაქმების დონის ზრდა და უმუშევრობის შემცირება საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასა წარმოადგენს. ორგანიზაცია PMCG-მ 2014-2017 წლებში, დასაქმების მიმართულებით არსებული ტენდენციები მიმოიხილა, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 15 წელს ზემოთ მოსახლეობაში დასაქმების დონე 0.4%-ით შემცირდა და 56.7%-ს გაუტოლდა.

ამასთან, 2017 წელს, დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ 1 706 640, ხოლო უმუშევართა რიცხვმა 276 415 ადამიანი შეადგინა.

„2017 წელს, საქართველოში 15 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, 2016 წელთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა (2 864 ადამიანით) და 3, 012 300 ადამიანი შეადგინა.

2017 წელს, 15 წელს ზემოთ მოსახლეობაში, სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ადამიანების (მათზე, ვინც ოჯახზე ზრუნავს, ავადაა ან შეზღუდული შესაძლებლობები აქვს) პროცენტული წილი, 2016 წელთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა და 34.1%- ს გაუტოლდა. ამასთან, სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ადამიანების რაოდენობამ, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 1.6%-ით (16 027 ადამიანით) მოიმატა და 1 029 200 ადამიანი შეადგინა.2017 წელს, საქართველოში უმუშევრობის დონე, 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9% შეადგინა. 2014-2017 წლებში, სამუშაო ძალაში დაქირავებით დასაქმებულთა პროცენტული წილი იზრდებოდა და 2017 წელს, დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ სამუშაო ძალის 41.6% შეადგინა. თვითდასაქმებულთა პროცენტული წილი კი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მცირდებოდა და 2017 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი სამუშაო ძალის 44.5%-ს გაუტოლდა“,- ნათქვამია კვლევაში.

ნინი ქეთელაური