გიორგი ქობულიამ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკის ის ძირითადი პრიორიტეტული სექტორები დაასახელა, რომელთა განვითარებასაც მომავალი წლის საქმიანობის გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
მინისტრმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ენერგეტიკა (გენერაციის ობიექტების განვითარება და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა), სატვირთო ტრანსპორტი (სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება), მომსახურების სექტორი (ტურიზმის შემდგომი განვითარება და BPO), ასევე სოფლის მეურნეობა/კვების მრეწველობა (მაღალი დამატებითი ღირებულების საექსპორტო ქვესექტორების განვითარება (თხილი, კენკროვანები, ბოსტნეული, ხილი, მეთევზეობა, მესაქონლეობა).
მინისტრმა, ასევე ყურადღება გაამახვილა წარმოების სექტორზე, სადაც ხაზი გაუსვა ისეთი პრიორიტეტული საექსპორტო სექტორების განვითარებას, როგორიცაა ტყავის, ტექსტილის, ავეჯის, ავტონაწილების წარმოება, ელექტრონიკის აწყობა.
“ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების მართვა, რაც გულისხმობს წიაღისეულის პოტენციალის სრულ ათვისებას ნავთობის და გაზის ჩათვლით, ასევე პრიორიტეტულია ინოვაციური წარმოებები, ინტერნეტიზაცია, IT და ციფრული ტექნოლოგიები”, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გიორგი ქობულია ამ წუთებში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე იმყოფება, სადაც პრეზენტაციას მართავს და დეპუტატებს ეკონომიკის სამინისტროს ხედვებს და 2019 წლის სამოქმედო გეგმას აცნობს.