"ეკონომიკური სტაგნაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ხედვის არარსებობა და მოშლილი მენეჯმენტი", - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით სტრატეგია.
"მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობას არ აქვს არანაირი გეგმა, სტრატეგია. ჩვენ არ ვიცით, რა მიზანი აქვს მთავრობას და როგორი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაატაროს. ერთია ქაღალდზე დაწერილი დოკუმენტი და მეორეა, რაც კეთდება პრაქტიკაში. რამდენი მინისტრიც შეიცვალა, იმდენი ახალ-ახალი გაუაზრებელი იდეები, რამდენი პრემიერ-მინისტრიც შეიცვალა იმდენი ოთხ თუ ხუთპუნქტიანი რაღაც პროგრამები.
ყოველი თვე პარლამენტში მთავრდება ახალ-ახალი რეგულაციის შემოღებით და ახალი ბიუროკრატიული უწყების შექმნით. დარგობრივი მიმართულებით ქვეყანაში საერთოდ მოშლილია ყველაფერი, არის განუკითხაობა, რკინიგზა გაკოტრებულია, გაზის სექტორში არსებული უზარმაზარი რესურსები იფლანგება და ამ სფეროში სერიოზული კორუფციაა. თვენახევარი გავიდა და ისიც კი არ ვიცით, რის საფუძველზე მიეწოდება „გაზპრომის“ გაზი სომხეთს საქართველოს ტერიტორიის გავლით. პრივატიზაციის პროცესი არის გაუმჭვირვალე: ვინ რას ჰყიდის, რას ყიდულობს, როგორ ფასად იყიდება - არავინ იცის. ფაქტია, ეკონომიკური სტაგნაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ხედვის არარსებობა და მოშლილი მენეჯმენტი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.