"დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს - ალბათ რუსეთისგან შევისყიდით რაღაც რაოდენობის გაზს"

დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს - ალბათ რუსეთისგან შევისყიდით რაღაც რაოდენობის გაზს იმ ფარგლებში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

როგორც ქობულიამ განმარტა, რუსეთისგან “რაღაც რაოდენობით“ გაზის შესყიდვა დღესაც ხდება, რათა შეიქმნას დივერსიფიკაცია და იყოს კონკურენტული ფასი გაზზე.

“ჩვენ გვინდა შევქმნათ საშუალება, რომ იყოს გაზის არა ერთი მომწოდებელი, არამედ ერთზე მეტი მომწოდებელი. დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ალბათ რუსეთისგან შევისყიდით რაღაც რაოდენობის გაზს იმ ფარგლებში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ჩვენ მოლაპარაკებები პირობების გაუმჯობესებისკენ მიგვყავს, რაც რთული მოლაპარაკებებია და საჭიროებს დროს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს 2019 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.