2019 წელს საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მაღალკვალიფიციური კადრების - მძღოლებისა და მენეჯერების მომზადების და პერიოდული გადამზადების მიზნით, რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ ცენტრის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის პრეზენტაციის თანახმად, რეგიონალურ ტრეინინგ ცენტრს ექნება 4 კილომეტრიანი სიმულაციური ტრასა და საშუალება, წელიწადში გადაამზადოს 1000-მდე მძღოლი ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ცენტრში გადამზადებას გაივლიან როგორც ავტობუსის მძღოლები და ტრაილერის მძღოლები, ასევე პატრული, სასწრაფო, მუნიციპალური ტრანსპორტი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ქართველ მძღოლებს, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს ევროკავშირის ტერიტორიაზე, აუცილებელია გააჩნდეთ ევროპული სტანდარტის აკრედიტაცია. ასევე გაიზარდება უსაფრთხოების ხარისხი შიდა გადაზიდვა-გადაყვანის შემთხვევების დროს.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.