5 ქვეყანა შენგენის ზონაში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი  არ შეუშვეს

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის სტატისტიკაშია ასახული.

კერძოდ, წინა წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 83 068 იყო. მას მოსდევს იტალია, სადაც 55 047 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 41 573 გასვლით საბერძნეთია. რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: ისლანდია - 83 გამგზავრება; სლოვენია - 229 და ლუქსემბურგი - 338 გამგზავრება.

სტატისტიკა ჯამში, 29 ქვეყანას მოიცავს და ის ქვეყნებიც არის ნაჩვენები, სადაც საქართველოს მოქალაქეები უპრობლემოდ შევიდნენ და არცერთ მოქალაქეს არ ეთქვა უარი საზღვრის გადაკვეთაზე. აღსანიშნავია, რომ 29 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე უარი მხოლოდ ორი ქვეყნის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. ეს ქვეყნებია: ლუქსემბურგი და სლოვაკეთი.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვათ, 27 ქვეყანას შორის იტალია ლიდერობს, სადაც საქართველოს მოქალაქეთა შესვლაზე 341 უარი დაფიქსირდა 2018 წელს; მას მოსდევს კვიპროსი - 316 უარით; მე-3 ადგილზე კი გერმანიაა, სადაც უარი 271 პირს ეთქვა შესვლაზე; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ამ ჩამონათვალში პოლონეთი და საფრანგეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 186 და 150 უარით.

საფრანგეთს მცირედით ჩამორჩება საბერძნეთი და უნგრეთი, სადაც შესაბამისად, 147 და 136 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა შესვლაზე უარი, ესპანეთში კი 2018 წლის განმავლობაში - 111 უარი დაფიქსირდა.

თაია არდოტელი