კომპანია „არემჯის“ ტექნიკურ-კვლევით ლაბორატორიაში ფინური OUTOTEC-ის დანადგარი დამონტაჟდა

„არემჯის“ წარმოების გადაიარაღების და ტექნიკური მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ სპილენძის გამამდიდრებელ ფაბრიკაში ახალი ტექნოლოგიური ხაზის დამატება იგეგმება.

პროექტზე „არემჯი“ ფინურ OUTOTEC-თან მუშაობს, რომელიც სამთო დარგში ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და მსგავსი ტიპის საწარმოებისათვის პროექტირებას და დანადგარების შერჩევა/დამონტაჟებას უზრუნველყოფს.

სამუშაოების პირველი ეტაპი კომპანიის ტექნიკურ კვლევით ლაბორატორიაში პნევმომექანიკური ფლოტო მანქანის მცირე ზომის მოდელის დამონტაჟებას ითვალისწინებს, რომელიც სრულად ავტომატიზირებულია და მექანიკურ მანქანასთან შედარებით უფრო ზუსტი ტექნოლოგიურ მაჩვენებლების გაცემას უზრუნველყოფს.

ლაბორატორიის ფლოტატორებს ფლოტო მანქანის ექსპლუატაციის შესახებ 2 დღიანი ტრენინგი OUTOTEC-ის მეტალურგმა მიხაილ ჰაასმა ჩაუტარა და მათ მანქანის მუშაობის პრინციპი და ინსტრუქცია დაწვრილებით გააცნო.

„ჩემი ვიზიტის მიზანია ჩავატარო ტრენინგი ახალი ფლოტო მანქანის ექსპლუატაციის შესახებ. როგორც თავადაც ნახეთ, მანქანა სრულად ავტომატიზირებულია და ფლოტაციის პროცესში იძლევა ტესტის რამდენჯერმე გამეორების საშუალებას, რაც საბოლოო ტექნოლოგიურ მაჩვენებლებში გამორიცხავს ნებისმიერ უზუსტობას.“ - განმარტავს OUTOTEC-ის სპეციალისტი.