Airbus ყველაზე დიდი ზომის სამგზავრო ლაინერის წარმოებას წყვეტს

ევროპული ავიაკონცერნი Airbus-ი ყველაზე დიდი ზომის სამგზავრო ლაინერის A380-ის წარმოებას წყვეტს.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, წარმოების შეჩერება დაახლოებით 2 წელიწადში მოხდება. თავად გადაწყვეტილების მიზეზად კი კომპანია Emirates-ის მხრიდან შეკვეთების ნაკლებობას ასახელებს.

„ამ გადაწყვეტილების შედეგად ჩვენ არ გვაქვს შეუსრულებელი შეკვეთები А380-ზე, შესაბამისად, არ გვაქვს საფუძველი, მისი წარმოება განვაგრძოთ. ამიტომ, 2021 წლიდან შევწყვეტთ А380-ის წარმოებას“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია Emirates-ი მიიღებს დამატებით A380-ის 14 ლაინერს. თუმცა მის ტექნიკურ მხარდაჭერას კომპანია მომავალშიც განაგრძობს.

Airbus A380 - ეს არის ყველაზე მსხვილი სერიული წარმოების სამგზავრო ლაინერი მსოფლიოში. მისი მაქსიმალური ტევადობაა 853 მგზავრი. მაქსიმალური აფრენის მასა 575 ტონა, ფრთების გაშლის სიგრძე 79,7 მეტრი, ფრენის მაქსიმალური სიშორე კი 15,2 ათასი კილომეტრი. მისი კრეისერული სიჩქარე 945კმ/.სთ-ია. ლაინერის პირველი გაფრენა 2005 წელს განხორციელდა.

კოკა კვირკველია