თბილისში გამოკითხული მოქალაქეების 85% ვალენტინობის დღეს საჩუქრად სუნამოს ყიდულობს. ამის შესახებ „ეისითის“ კვლევაშია ნათქვამი.
14 თებერვალი ვალენტინობის დღეა, რომელსაც შეყვარებული წყვილების უმეტესობა მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავს. „ეისითი“ დაინტერესდა, თბილისში ზრდასრული მოსახლეობის რამდენი პროცენტი აღნიშნავს ამ დღეს. ამასთან, მათგან რამდენი ყიდულობს საჩუქარს და ძირითადად რა სახის საჩუქარს.
2017 წლის გამოკითხვის თანახმად, თბილისში ამ დღეს აღნიშნავდა ზრდასრული მოსახლეობის 25% და მათგან უმრავლესობა საჩუქარსაც იძენდა.
რაც შეეხება 2018 წელს შეძენილ საჩუქრებს, თბილისელების მიერ გაკეთებული არჩევანის ტოპ სამეულში მოხვდა: სუნამო, სახის კრემი და ტუჩსაცხი.
ამ ეტაპზე უცნობია, 2019 წლისთვის რამდენად იმატა, ან იკლო იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც აღნიშნავენ სიყვარულის დღეს. თუმცა, ძველი მონაცემების თანახმად, იმ ადამიანებიდან, რომლებიც აღნიშნავდნენ ვალენტინობას, 74% ყიდულობდა საჩუქარს.
იქიდან გამომდინარე, რომ პარფიუმერიის ნაწარმს ჯამში მოიხმარს თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 66%, „ეისითი“ ვარაუდობს, რომ სუნამო იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საჩუქარი.
იმის გასარკვევად, თუ რა ტიპის პარფიუმერულ ან კოსმეტიკურ პროდუქტს იძენდნენ თბილისელები საჩუქრად ბოლო 1 წლის განმავლობაში, „ეისითმა“ 400 ზრდასრული თბილისელი გამოკითხა.
კვლევის შედეგმა გამოავლინა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში სუნამო, ან ოდეკოლონი შეიძინა თბილისელების 85%-მა, 55%-მა - სახის კრემი ან დამატენიანებელი, ხოლო 54%-მა ტუჩსაცხი.
„ეისითის“ ინფორმციით, გამოკითხვა 2018 დეკემბერს, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის ჩატარდა. ამასთან, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.