თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის გახსნის თარიღი ჯერ ისევ გაურკვეველია. პროექტი 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე „ბიზნესპრესიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროცესის გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფინანსებია. მისი თქმით, ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოების ნაწილი გერმანულმა მხარემ დააფინანსა, ნაწილი კი ზოოპარკის დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც არ გაზრდილა. ამიტომ, კონკრეტული ვადების დასახელება შეუძლებელია.
რაც შეეხება უკვე აშენებულ ვოლიერებს, ზურა გურიელიძის ინფორმაციით, ცხოველების ნაწილი იქ უკვე გადაყვანილია.
„გახსნის თარიღზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა სამუშაოები მიმდინარეობს. ცხოველებისთვის უკვე აშენებულია რამდენიმე ვოლიერი და პროცესი გრძელდება. პირველ ეტაპზე ვოლიერებს კავკასიური ფაუნისთვის ვაშენებთ. მშენებლობის პროცესი დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, ფინანსებზე, ასევე მოვიძიებთ თუ არა ახალ ცხოველებს სხვადასხვა ზოოპარკებში და ა.შ.
რაც შეხება აშენებულ ვილიერებს, იქ ცხოველები უკვე გადაყვანილია. კერძოდ, დათვები, მგლები, ირმები, ნიამორები, ფოცხვერები, აფრიკული, ველური ძაღლები და ჯიხვები.ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის განსაზღვრული რომ იყოს ერთი კონკრეტული დაფინანსება, დასრულების სავარაუდო ვადებიც გვეცოდინებოდა, თუმცა როდესაც პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, ცოტა რთულია წინასწარი პროგნოზის დადება. როგორც იცით, პროექტის ნაწილი გერმანულმა მხარემ დააფინანსა, დანაჩენს კი ჩვენი არსებული დაფინანსებით ვახორციელებთ, რომელიც არ გაზრდილა. ახალ ზოოპარკს სხვა დაფინანსება არ აქვს“,-აცხადებს ზურა გურიელიძე.ცნობისთვის, ზოოპარკის გადატანის საჭიროება ჯერ კიდევ 2009 წელს, გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენებისას დადგა. მას შემდეგ კი, რაც 2015 წლის 13 ივნისს თბილისში სტიქია მოხდა, ზოოპარკის ქვედა ნაწილი მთლიანად განადგურდა. სტიქიიდან 3 თვეში ზოოპარკმა მუშაობა განაახლა, თუმცა, პარალელურად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 48 ჰექტარზე ახალი ზოოპარკის მოწყობის პროექტი დაიწყო. იყო საუბარი, რომ პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდებოდა და ზოოპარკი დამთვალიერებლებს ახალ მისამართზე 2018 წლის ბოლოს მიიღებდა. თუმცა პროცესი დროში იწელება.აღსანიშნავია, რომ ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული კონცეფციით შენდება და ის დაყოფილია ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით, ცალკე იქნება გამოყოფილი კავკასიის რეგიონი, ცალკე აზიის, აფრიკის და ა.შ.