რეგიონების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვირისა და ცხენის ხორცი აღმოაჩინეს - ხელისუფლება კონტროლს ამკაცრებს

საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვებით მომარაგების საკითხი კიდევ უფრო გამკაცრდება და მეტიც, დარღვევების შემთხვევაში კომპანიას ჯარიმის ნაცვლად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, კომიტეტი შესაბამის კანონპროექტზე უკვე მუშაობს.

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, კანონის გამკაცრების მიზეზი - რეგიონების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცის; ნედლი რძის ნაცვლად კი რძის ფხვნილისა და პალმის ზეთისგან დამზადებული პროდუქტების აღმოჩენა გახდა.

„რძის პროდუქტებთან და ხორცთან დაკავშირებით, რამდენიმე შემთხვევა ნამდვილად დაფიქსირდა და ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც დროს და ვერც კონკრეტულ ობიექტებს ვერ დაგისახელებთ. ჩვენმა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა უკვე დაიწყო, რომ სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში და ალბათ, არა მხოლოდ, მსგავს დარღვევებზე კონტროლი გამკაცრდეს და სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცეს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიას ბიზნესურად უღირს ჯარიმის გადახდა. ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ, რომ დარღვევების შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდეს და პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისგება იყოს. როგორც უკვე ვთქვი, მზადდება შესაბამისი ინიციატივა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაც დავიწყებთ კომუნიკაციას. ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, კონსესუსი ნამდვილად იქნება,“-აღნიშნა დანელიამ.

ამასთან, როგორც დანელიამ განაცხადა, არ არის გამორიცხული მიუსაფართა თავშესაფარშიც შემოწმდეს, თუ როგორი ხარისხისა და შემადგენლობის საკვებით ხდება მომარაგება.

თაია არდოტელი