"საქართველოს მსოფლიო ბაზრისთვის მზის პანელების წარმოების პოტენციალი აქვს"

მიმაჩნია, რომ საქართველოს მსოფლიო ბაზრისთვის მზის პანელების წარმოების პოტენციალი აქვს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსის” შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გერმანია-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივას ეხებოდა.

ჰუბერტ ქნირშის თქმით, გერმანული მხარე საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გააგრძელებს.

„საქართველოსა და გერმანიას შორის სავაჭრო ურთიერთობები უკვე ძლიერია და ბევრი გერმანული კომპანია საქართველოში უკვე მუშაობს. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ პოტენციალი კიდევ არსებობს. ვფიქრობ, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება გაგრძელდება. რამდენიმე წელია, გერმანული კომპანიები მზის ენერგიის მიმართულებით აქტიურად არიან ჩართულები. მიმაჩნია, რომ საქართველოს მსოფლიო ბაზრისთვის მზის პანელების წარმოების პოტენციალი აქვს. თუ ეს საქართველოში განხორციელდება, ვფიქრობ, იქნება იმის ნიშანი, რომ აქ ყველაფრის წარმოებაა შესაძლებელი”, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.