არ მახსენდება, რომ ეროვნულ ბანკს რომელიმე მსხვილი კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ სებ-ის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ თიბისი სისტემური ბანკია, მასთან დაკავშირებული ყველა ქმედება კარგად უნდა გაანალიზდეს. კეპულაძის განმარტებით, ამის შესახებ კარგად უწყიან ეროვნულ ბანკში და ისიც იციან, რომ შესაძლოა „თიბისი ბანკისთვის“ შექმნილი პრობლემა მთელი ქვეყნისთვის შემობრუნდეს ეკონომიკურ პრობლემად.
„ვისურვებდი მეტ დასაბუთებას ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ტრანზაქციები, რომელზეც მიდის საუბარი, არის ძალიან ძველი და აჩენს კითხვის ნიშანს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა რეაგირება მაინც და მაინც ახლა - დაახლოებით 12 წლის შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ბანკს ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი საფუძველი ჰქონდა“, - აღნიშნა კეპულაძემ.
მისივე თქმით, ეს პროცესი ბანკის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება, თუმცა მეანაბრეებს საფრთხე არ ემუქრებათ. „არ არის გამორიცხული, რომ ეს გადაწყვეტილება დროებითია და გარკვეული პერიოდი უკავშირდებოდეს საგამოძიებო პროცესის დასრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ „თიბისი ბანკის“ მენაბარეებზე და კლიენტებზე ეს ზემოქმედებას არ მოახდენს და ბანკს არ შეუქმნის პრობლემას. თიბისი ბანკის რეპუტაციისთვის ეს დიდ რისკს შეიცავს და ზოგადად საბანკო სექტორისთვის მსგავსი შემთხვევები არ ახალისებს ინვესტიციებს, მით უმეტეს, მოგეხსენებათ, „თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გასული და საკმაოდ მაღალი კაპიტალიზაცია აქვს. ეს პროცესი აქციის ფასებზე იმოქმედებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ „თიბისი ბანკი“ ამ პრობლემას გადაიტანს და მის კლიენტებს პრობლემები არ შეექმნებათ“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.