„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ მხარს უჭერს „თიბისი ბანკს“, ყველა თიბისელს და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან, - ამის შესახებ "საქართველოს საბანკო ასოციაციის" განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს საბანკო ასოციაციას სურს გამოეხმაუროს მისი წევრი „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, რომელიც უკავშირდება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ხელმოწერის უფლების შეჩერებას და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნის საკითხს.
„თიბისი ბანკი“ არის ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში (FTSE250) და იმართება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით. „თიბისი ბანკი“ ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. აღნიშნული გვაძლევს უფლებას სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას „თიბისი ბანკის“ სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე.
მისასალმებელია „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერების და ბანკის ინტერესები.
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ მხარს უჭერს „თიბისი ბანკს“ და ყველა თიბისელს და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.