"რაღაცა ძალიან ყარს...",- ასე ეხმაურება "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
"ბიზნესპრესნიუსი" მის "ფეისბუკ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"რეგულატორის მხრიდან, რომელსაც ყველა ოპერაციაზე ოპერატიული წვდომა აქვს, თერთმეტი წლის დაგვიანებით სანქციების გამოყენება, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გამოიყურება. ამასთანავე, საინტერესოა, ვინ არის დაზარალებული მხარე? თუ ბიუჯეტს არ უზარალია, არც აქციონერებს აქვთ პრეტენზია, არც ბანკის მეანაბრეებს შექმნიათ საფრთხე და ბანკი ყველა ვალდებულებას ასრულებს (რასაც სებ-იც ადასტურებს), მაშინ რაშია პრობლემა? რაღაცა ძალიან ყარს...",- წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ ბანკმა, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.