ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის გზა E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან - ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 56 კილომეტრიანი გზის ნაწილს წარმოადგენს.

მშენებლობა 31-კილომეტრიან მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს. ქუთაისის შემოვლითი გზის 17-კილომეტრიანი და ქუთაისი სამტრედიის 14-კილომეტრიანი მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ავტობანის ახალი მონაკვეთი სოფელ ნახშირღელედან დაიწყება, შემოუვლის ქალაქ ქუთაისს და კოპიტნარის აეროპორტთან შეუერთდება არსებულ ავტომაგისტრალს.

ამ დროისათვის, სამუშაოების 80% შესრულებულია, იგება ბეტონის საფარი, მიმდინარეობს ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა. ორივე მონაკვეთზე რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა დასრულებულია. ასევე დასრულების სტადიაშია გზაგამტარების მშენებლობა გეგუთი-მუხიანისა და სოფელი ბაშის ტერიტორიაზე.

ახალი შემოვლითი გზის შედეგად, ქალაქი ქუთაისი სატრანზიტო მოძრაობისგან განიტვირთება, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე ამაღლდება.

მშენებლობის პროცესში დასაქმებულთა 80% არის ადგილობრივი. დონორო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოა.