„ჩემი შეფასებით, აქ არის ძალიან დიდი სამართლებრივი კომპონენტი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან ამ საკითხში. ეს არის მათი პრეროგატივა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ შეასრულა ეროვნულმა ბანკმა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, როდესაც „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მოითხოვა.
„ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არის სერიოზული. ამაში გარკვევა არის საჭირო და ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს. დღესდღეობით არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ, რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფაქტობრივი მტკიცებულებები. ამიტომ, ამ საკითხში უნდა გაერკვნენ კომპეტენტური ორგანოები“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
თავის მხრივ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სებ-ი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს, სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.