„თბილისის მერის გადაწყვეტილება პოპულისტურია, სამართლიანი იქნება თუ კალაძე გაასაჯაროებს მისი მერობისას K2 კოეფიციენტის გაყიდვა რამდენჯერ მოხდა"

თბილისის მერის გადაწყვეტილება პოპულისტურია და არ არის სამართლიანი, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, K2 კოეფიციენტის მატება იკრძალება და თბილისში დასაშვებზე მაღალ შენობებზე ნებართვა აღარ გაიცემა.

უგულავა კახა კალაძეს მოუწოდებს გაასაჯაროოს, მისი მერობის პერიოდში რამდენჯერ და ვისზე გაიყიდა K2 კოეფიციენტი.

„ეს მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მას შეიძლება ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. ვისაც უმუშავია და სპეციფიკა იცის, ყველა დამეთანხმება, რომ გენგეგმით გათვალისწინებული ძირითადი ჩარჩოები გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში კორექტივებს საჭიროებს, ამიტომ თუ კომისიას არ ენდობი, ჯობია კომისია გააძლიერო, ის გახადო უფრო გამჭვირვალე და არა ის შესაძლებლობა მოკლა, რომ თუ ეს კორექტირება არის საჭირო, ამის განხორციელება აიკრძალოს. ამ საკითხზე კალაძე იქნება სამართლიანი, თუ გაასაჯაროებს მისი მერობის პერიოდში K2 კოეფიციენტის რამდენჯერ და ვისზე მოხდა გაყიდვა. მე მახსოვს, ამ სერვისის ერთ-ერთი ბენეფიციარი იყო მაგალითად „,პანორამა თბილისი’’. ამ სერვისის ხშირი ბენეფიციარი არის „ არქი ჯგუფი’’, რომელთანაც ახლო კონტაქტშია ეჭვმიტანილი ქალაქის დღევანდელი მერი. ამიტომ სამართლიანობა მოითხოვს, გაირკვეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვისზეა გაცემული K2 -ის შეცვლილი კოეფიციენტი. თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი და არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს პრობლემებს არ შეუქმნის ქალაქმშენებლობას და საბოლო ჯამში დააზარალებს მუშებს, ინჟინრებს, არქიტექტორებს საერთოდ ამ სფეროს,” - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა. მისივე თქმით, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას.

„მინდა გამცნოთ თბილისის სწორად განვითარებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა. ის პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იყო დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.