პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების ანაკლიის პორტთან კავშირს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს „უფრო მეტად პოლიტიკური სპეკულაციის საგანია“.
დანელია გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მოთხოვნას „თიბისი ბანკის“ საკონსულტაციო თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
„კანონი არის უზენაესი და ყველასთვის უნდა იყოს თანაბარი. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ცხადია, გარკვეული გარემოებიდან გამომდინარეობს, რომელშიც მე ეჭვს ვერ შევიტან. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ ყველა მხარეს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია და სიმართლე დააფიქსიროს. რაც შეეხება ანაკლიასთან კავშირს, მე პირადად ამას უსაფუძვლოდ მივიჩნევ, ეს უფრო მეტად პოლიტიკური სპეკულაციის საგანია და ამ თემას ყველა სათავისოდ იყენებს. სწორედ მთავრობაა ამ პროექტის ძირითადი ხელშემწყობი და მან ბევრი რამ გააკეთა პორტის მშენებლობის დაწყებისთვის“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.