„ნისანის“ გადაწყვეტილებას, მომდევნო თაობის „X-ტრეილი“ ბრიტანეთში არ გამოუშვას, „ფორდის“ მკაცრი განცხადება მოჰყვა იმის შესახებ, რომ უხელშეკრულებო ბრექსიტის შემთხვევაში, ის თავის წარმოებას ამ ქვეყნიდან სხვაგან გადაიტანს.
როგორც „თაიმსი“ წერს, „ფორდის“ ხელმძღვანელობა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის, ბიზნეს ლიდერების ერთდროული ონლაინ კავშირისას ესაუბრა და განუცხადა, რომ ბრექსიტის ხელშეკრულების განხორციელების შემთხვევისთვის, კომპანია საკუთარი ბრიტანული წარმოების სხვა ქვეყნებში გატანის შესაძლებლობას განიხილავს.
ამის პასუხად, მთავრობის ლიდერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი ამზადებს ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც უხელშეკრულებო ბრექსიტის შემთხვევისთვის, ბიზნესების მხარდასაჭერად გამოიყოფა. ოღონდ, მას კონკრეტული არაფერი უთქვამს.
„თაიმსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მეის მსგავსი რამ სხვა კომპანიების ხელმძღვანელებმაც განუცხადეს. ერთ-ერთმა მათგანმა „თაიმსთან“ საუბრისას თქვა, რომ ეს არ იყო უბრალო გაფრთხილება და რომ კომპანიები უკვე ემზადებიან ქვეყნიდან წარმოების გასატანად.
თუ „ფორდი“ თავის წარმოებას ბრიტანეთიდან სხვაგან გადაიტანს, ეს ძლიერი დარტყმა იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან მხოლოდ ამ ამერიკული კომპანიის ბრიტანულ ბიზნესში, 13 000 ადამიანია დასაქმებული. გაცილებით მეტი ადამიანი მუშაობს „ფორდის“ ქარხნების მიმწოდებელ კომპანიებში, რომლებიც დიდწილად არიან დამოკიდებულნი ცისფერი ოვალის ბრიტანულ წარმოებაზე.
„ფორდს“ ალბიონზე სამი ქარხანა აქვს, რომლებიც ძრავებს და ტრანსმისიებს აწარმოებენ. ამავე ქვეყანაში მუშაობს კვლევისა და განვითარების ცენტრი, რომელიც გერმანულ ანალოგიურ ცენტრთან ერთად, „ფორდის“ ევროპული ოპერაციების სული და გულია.
„დიდი ხანია ვარწმუნებთ ბრიტანეთის მთავრობას და პარლამენტს, რომ საჭიროა ევროკავშირიდან ხელშეკრულების გასვლის თავიდან აცილება. ეს კატასტროფულად იმოქმედებს ბრიტანულ ავტოინდუსტრიაზე და ქვეყანაში „ფორდის“ წარმოებაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ევროპული ბიზნესის კონკურენტუნარიანობა უზრუნველვყოთ“, - ნათქვამია „ფორდის“ განცხადებაში.