დავით სერგეენკო:  წლის ბოლომდე სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო დახმარების სამსახურის ეფექტურ მუშაობას ხელს ორი ტიპის მიზეზი უშლიდა. დავით სერგეენკოს თქმით, ახლა დაწესდება ახალი რეგულაციები და ეს მიზეზები აღმოიფხვრება.

"სასწრაფო დახმარების სამსახურის ეფექტურ მუშაობას ხელს უშლიდა ორი ტიპის მიზეზი, პრობლემა, ეს იყო ტექნიკური და საავტომობილო პარკის. ეს პრობლემა გვარდება, კონტრაქტი გაფორმებულია და წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება ავტოპარკი. ხოლო მეორე პრობლემა იყო რეგულაცია, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპები და მეთოდები. ეს მოთოდოლოგიაც დავამუშავეთ და ვფიქრობთ, რომ მალე შემოვიტანთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ იქნება გეოგრაფიულ მისაწვდომობაზე გათვლილი და არა ადმინისტრაციულ მისაწვდომობაზე. ასევე ყურადღება გამახვილდება პაციენტის რეალურ მდგომარეობაზე", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, თუ როდიდან ამუშავდება ახალი მიდგომები, სერგეენკოს თქმით, ახალი რეგულაცია გაწერილი იქნება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებულებაში და როგორც კი შესაბამისი კონსულტაციები დასრულდება, საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობება.