მერია ე. წ ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტს ცვლის - რას სთავაზობს თბილისის ხელისუფლება ბიზნესს

მერია ვარკეთილში მდებარე ე. წ ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტს ცვლის და დეველოპერებს ახალ პირობებს სთავაზობს. როგორც საკრებულოს წევრმა ოთარ გრიგოლიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მოხდა საგარანტიო პირობების ლიბერალიზაცია. პროექტის განხორციელების ეტაპები კი ხუთ ლოტად დაიყო. ამასთან, მერია თავად უზრუნველყოფს კომუნიკაციების, მათ შორის გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის შეყვანას, ასევე საკანალიზაციო სისტემის მოწყობას.

„სამშენებლო ბიზნესისთვის საგარანტიო თანხის ჩადება არ არის მარტივი და შესაბამისად, მერია ერთბაშად, პროექტის დასრულებისთვის საჭირო მთელი თანხის ანგარიშზე დადებას აღარ მოითხოვს. თითო ლოტის დასრულება კი მოგეხსენებათ, ნაკლებ ფინანსებს მოითხოვს. დეველოპერები ეტაპობრივად, უფრო მარტივად შეძლებენ ამ პროექტის განხორციელებას.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე კი იქნება ის, რომ ქალაქის მერია თავად უზრუნველყოფს კომუნიკაციების შეყვანას. შეთავაზებაში მნიშვნელოვანი პუნქტია ისიც, რომ მუნიციპალიტეტი ინვესტორს მიწას სიმბოლურ ფასად გადასცემს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ფართების გადანაწილება და მშენებლობის დასრულებამდე მათი ქირით გაყვანა მერიის პასუხისმგებლობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ მერიამ ვარკეთილში ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ინიციატივა რამდენიმე თვის წინ გააცნო ბიზნესს. თუმცა ამ დრომდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეველოპერების მხრიდან ინტერესი არ დაფიქსირებულა.

ვარკეთილში ე. წ. ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტი დაზიანებული და ავარიული შენობების ახალი კორპუსებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე 4 მწვავე ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე და ასევე ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე.

ქრისტინე გამთენაძე