"მშენებლობებზე თითოეულ ახალშემოსულ ნებართვას დიდი ყურადღებით ვეკიდებით, პარამეტრების მატება არ შეეხება მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს"

თითოეულ ახალშემოსულ ნებართვას დიდი ყურადღებით ვეკიდებით, პარამეტრების მატება არ შეეხება მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, - განაცხადა თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ტოგონიძემ კახი კალაძის მიერ დაანონსებული K2 კოეფიციენტების გაყიდვის აკრძალვის კომენტირებისას.

მისი თქმით, თავიდან კოეფიციენტის მატების მიზანი იყო ის, რომ წაეხალისებინა ამა თუ იმ უბანში განაშენიანების პროცესი საწყის ეტაპზე, დღეს კი უკვე სამშენებლო სექტორი იმდენადაა განვითარებული, რომ წახალისების ეს მექანიზმები საჭირო აღარაა. ტოგონიძის განმარტებით, არსებულმა პრაქტიკამ, რომელიც K2 კოეფიციენტის ყიდვისა და შენობის მოცულობების გაზრდის შესაძლებლობას უკავშირდებოდა, არაჯანსაღი საცხოვრებელი გარემო ჩამოაყალიბა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული სიტუაციააა ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ბაგების მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდ დიღომში და სპორტის სასახლესთან.

ტოგონიძე იმ მოსაზრებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კ2 კოეფიციენტების გაზრდის შესაძლებლობა კორუფციის რისკს წარმოშობს. „მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ კორუფციის რისკები არ არის. ძალიან მკაცრად უყურებს ხელისუფლება, რომ კორუფციის რისკები ნულამდე იყოს დაყვანილი და ამას ჩემი აზრით წარმატებით ახერხებს. ეს ნაბიჯი კი მგონია, რომ ყველანაირ კითხვის ნიშანს გააქარწყლებს“,-აცხადებს ტოგონაძე.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და კ2 კოეფიციენტთან დაკავშირებული ცვლილებები ერთდროულად დაახლოებით ერთ თვეში დამტკიცდება.