„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ბევრ კითხვას აჩენს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ 10 წლის წინანდელ საქმეზე დაწყებულმა გამოძიებამ, რომელიც ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ეხება და ამავე დროს, სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, მმართველ პარტიაზე მომუშავე პროპაგანდისტული გვერდების მხრიდან მათზე თავდასხმამ, საფუძველი დაუდო ლოგიკურ ვარაუდს, რომ მათ მიმართ გამოძიების დაწყებას სხვა მოტივი აქვს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ორგანიზაცია "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა 14 თებერვალს ეროვნული ბანკის მიერ „თიბისი ბანკისადმი” გაგზავნილმა წერილმა, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა (მამუკა ხაზარაძის) და თავმჯდომარის მოადგილის (ბადრი ჯაფარიძის) მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

"ეს ხდება მაშინ, როდესაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ გამოძიება არ დასრულებულა და მათი ბრალეულობა არ დამტკიცებულა. ეროვნული ბანკის წერილმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების მყისიერად, 6.6%-ით გაუფასურება გამოიწვია.

ზემოაღნიშნული ქმედებების მოტივი შესაძლოა იყოს ბიზნეს ან/და პოლიტიკური ინტერესი. ორივე შემთხვევაში ყველაზე მეტ ყურადღებას „თიბისი ჰოლდინგის“ მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა იპყრობს. ანაკლიის პროექტს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური დანიშნულება აქვს. ეს არის ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ეს ბიზნეს ჯგუფი ახორციელებს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, მამუკა ხაზარაძემაც ანაკლიის პორტს დაუკავშირა. სოციალურ ქსელში 14 თებერვალს გავრცელებულ მიმართვაში ის წერს: „დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.“

მიმდინარე წლის 22 იანვარს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს, რადგან მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ანაკლიის პროექტზე. ელჩის განცხადებით, მის დაინტერესებას ისიც იწვევს, რომ ამერიკელები „თიბისი ბანკში“ გარკვეულ წილს ფლობენ.

11 თებერვალს ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემაც. მისი თქმით, „ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთან დაკავშირებით, საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის… “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია… შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა – მანამდე“.

ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი და კავკასიის რეგიონზე მომუშავე ანალიტიკოსები ანაკლიის პორტის სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობასაც უსვამენ ხაზს, როგორც მეტი უსაფრთხოების მომტან და ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ხელმშემწყობ ფაქტორს.

ანაკლიის პორტის მიმართ მაღალ ინტერესს გამოხატავს ასევე ევროკავშირი, რაზეც მიანიშნებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 223 მილიონი ევრო დაიხარჯება.

ანაკლია ოკუპირებული აფხაზეთიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრშია, რაც პროექტს დამატებით მნიშვნელობას სძენს ადმინისტრაციული საზღვრის პირას მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის და ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გზით საქართველოსადმი მიზიდულობის ზრდის კუთხით.

გარდა იმისა, რომ საქართველო აბრეშუმის გზის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მონაკვეთზე მდებარეობს, რაც ჩინეთსა და ევროპას შორის არსებულ ყველაზე მოკლე მარშრუტია, საქართველო საზღვაო ქვეყანაა, რაც მის სატრანსპორტო პოტენციალს მნიშვნელოვნად ზრდის. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანა საპორტო პოტენციალს სუსტად იყენებს, რადგან არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი. შავ ზღვაში მცურავი მაღალტონაჟიანი სატვირთო გემების უმეტესობა ქართულ პორტებში ვერ შემოდის.

სწორედ საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდაზეა ორიენტირებული ანაკლიის პორტის პროექტი, რომლის განხორციელების უფლება 2016 წელს, ტენდერის შედეგებზე დაყრდნობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მოიპოვა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიან: „თიბისი ჰოლდინგი“ (საქართველო), Conti International[1]-ი (აშშ), SSA Marine[2]-ს (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd.-ი (ბულგარეთი)

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განმარტებით, „თიბისი ჰოლდინგი“ რეგიონული საინვესტიციო და დეველოპერული კომპანიაა, რომლის ჯგუფის წარმომადგენელი ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკი - „თიბისი ბანკია“. პორტის მშენებლობის ფარგლებში, „თიბისი ჰოლდინგი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერია.

ანაკლიის პორტი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი იქნება. პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება და შესაბამისად, 2021 წლიდან მიიღებს გემებს. მთლიანობაში, პორტი 9 ფაზად განვითარდება. ინვესტიციის საერთო რაოდენობა კი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თანხის მიხედვით, ეს ყველაზე დიდი პროექტია, რაც კი საქართველოში განხორციელებულა. პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება, რაც პორტს 10 000 კონტეინერიანი (TEU) გემების მიღების საშუალებას მისცემს. პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მლნ ტონა იქნება. შედარებისთვის, 2017 წელს ფოთის პორტმა 7 მლნ ტონამდე ტვირთი მიიღო.

„თიბისი ჰოლდინგი“ პორტის პარალელურად 2 000 ჰექტარზე „ანაკლია სიტის“ გაშენებას გეგმავს. ქალაქი ანაკლია სპეცილური ეკონომიკური ზონა (სეზ) იქნება და ღრმაწყლოვან პორტთან ერთად რეგიონულ ბიზნესჰაბად, მნიშვნელოვან სავაჭრო და ლოჯისტიკურ ცენტრად მოიაზრება.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ჩართულობა მნიშვნელოვანია პორტის განვითარებაში. მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს საგზაო და სარკინიგზო კავშირი ნავსადგურთან. ასევე, პორტისთვის საჭირო მიწების გამოსყიდვაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 მლნ ლარი დაიხარჯა. საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, კონსორციუმს პორტი გადაეცა აღნაგობის (მშენებლობის) უფლებით, 52 წლის ვადით.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პორტის აშენების ტენდერში 2016 წელს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დროს გაიმარჯვა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაც (ჩართულობა) მის დროს მიიღო. გასული წლის ზაფხულში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა, მან პრემიერმინისტრი გადაყენების შემდეგ მწვავედ გააკრიტიკა, ასევე „თიბისი ბანკი“ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია, მამუკა ხაზარაძეს კი უმადურობაში დასდო ბრალი.

როდესაც ამ ფონზე ხდება პროკურატურის გააქტიურება 10 წლის წინანდელ საქმეზე და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი ლიდერი კომპანიის მენეჯმენტზე გამოძიების დაწყება, ეს უკვე საფრთხეს უქმნის კონსორციუმს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ცალკე ზარალდება ქართული საბაკო სექტორისადმი ნდობა. ამ დროს ხელისუფლება ვერ აყალიბებს არგუმენტირებულად, თუ რატომ გახდა ეს საქმე ახლა აქტუალური და რატომ არ გამოიძიეს აქამდე. ეს კი ლოგიკურ კითხვას აჩენს, ეს საკითხი ხომ არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, პროკურატურა კი - ხელისუფლების ხელში არსებული სადამსჯელო იარაღი?

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია პროცესი წარიმართოს ისე, რომ „თიბისი ბანკის“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საქმიანობა არ შეფერხდეს, ასევე, უნდა შეწყდეს ორკესტრირებული შეტევა მთავრობისა და სოციალური ქსელებში მთავრობასთან აფილირებული პროპაგანდისტული გვერდების მხრიდან და საგამოძიებო სტრუქტურებისგან კითხვებზე პასუხი მივიღოთ, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესი, არ შეფერხდეს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პორტის მშენებლობა და პრობლემა არ შეექმნას ქვეყნის წამყვანი ბანკის მუშაობას. ცალსახაა, რომ ამდენი პასუხგაუცემელი კითხვის არსებობის პირობებში პროცესი შერჩევითი მართლმსაჯულების შთაბეჭდილებას ტოვებს",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფრანსუა პეშო „თიბისი ბანკზე“ - მაშინ, როცა დეტალები არ ვიცით, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმეს აკეთებს
ეროვნული ბანკის შეფასებით, "თიბისი ბანკში" მიმდინარე საგამოძიებო პროცესი საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე გავლენას არ მოახდენს"
მამუკა ბახტაძე "თიბისი ბანკზე" - ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ კითხვების დასმა საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედებს