„თიბისი ბანკის“ საქმე ინვესტორებისთვის საშიში გზავნილია",- ამის შესახებ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ განაცხადა. როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე აღნიშნავს, ის მზად არის, ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდოს.
"ძალიან გვაშფოთებს, ის რაც ხდება. ჩვენი ორი კვირის წინ წერილობითი განცხადებაც კი გავაკეთეთ. ვფიქობთ, რომ საკითხი პოლიტიკურად მოტივირებულია. გვაქვს ეჭვი, რომ ვიღაც დაინტერესებულია ბატონი ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოცილებით და "თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის აქციების ხელში ჩაგდებით. კონკრეტული პირები იყენებენ პროკურატურას, სასამართლოს და ეროვნულ ბანკს, რათა საკუთარი ინტერესები გაატარონ. მსგავსი რამ წლებია, ხდება საქართველოში და ეს პროცესი არ ჩერდება. რეკეტიორებისა და მაფიოზების მენტალიტეტი საქართველოში უნდა დასრულდეს. საქართველოს მთავრობა ინსტრუქციებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან. მთავრობა ბავშვს ჰგავს, რომელიც მამას უჯერებს. ასე, რომ მთავრობას იყენებს ბიძინა ივანიშვილი. რასაც დღეს ვხედავთ და ვკითხულობთ, აშკარაა, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება,“- განაცხადა ფადი ასლიმ.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის თქმით, მისი წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში "თიბისი ბანკში“ მივლენ და საქმეს შეისწავლიან და ამის შემდეგ საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხრიდან ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
"მაფიოზური სტილით ქვეყნის მართვა უნდა შეწყდეს და ეს აუცილებლად მოხდება. ვერ გეტყვით, ეს მოტივირებულია შურისძიებით თუ ფინანსური ინტერესებით. ეს საბჭოური სტილია. საბჭოთა მენტალიტეტში კონკურენცია არ არსებობდა. ხალხმა მხოლოდ ის იცოდა, როგორ წაერთმია ბიზნესი, იგივე ხდება დღესაც. ბიძინა ივანიშვილი ზედმეტად აფასებს თავის ინტელექტს და თავს დაესხა ჯგუფს, რომელსაც ძლიერი საერთაშორისო კავშირები აქვს, ეს ცუდად მოუბრუნდება მასაც და ქვეყანასაც.
„ბიძინა ივანიშვილს არ აღელვებს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი. ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში. ისიც შევამჩნიე, რომ ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში. ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით ყველა ინვესტორს, რადგან მორალურად თავს ვალდებულად ვთვლით, ეს გავაკეთოთ. არა მგონია, რომ ამ კუთხით კვლავ მიმზიდველი იყოს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქვეყანას მაფიოზური სტილის ქვეყანა მართავს,“ – განაცხადა ფადი ასლიმ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სებ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში, კერძოდ, 8 იანვარს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. აღსანიშნავია, ისიც, რომ „თიბისი ბანკის“ ის ტრანზაქციები, რომელსაც პროკურატურა სწავლობს, ეროვნულმა ბანკმა მეორედ შარშან ზაფხულში შეისწავლა და 2018 წლის ნოემბერში „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. თავის მხრივ ბანკმა, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.