“პროცესი იმდენად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, რომ ეს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე დადებითად არ აისახება და ვფიქრობ, რომ მთავრობას მეტი დაფიქრება მართებს ისეთი ღონისძიებების გატარებისას, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მის ერთ-ერთ წარმატებულ სექტორს - საბანკო სექტორს შეეხება. განვითაებული პროცესები საბანკო სექტორს დიდ ზიანს აყენებს“, - ამის შესახებ “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ დირექტორმა ნინო ევგენიძემ „თიბისი ბანკის“ საქმის კომენტირებისას განაცხადა.
ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
თავის მხრივ, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც სებ-ი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომას ითხოვს, სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.