თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „თიბისი ბანკის“ თანამშრომლობით, „ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი“ იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
„თბილისის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი პროექტის პროდუქტია. ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე ფუნქციონირებს
ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსის წევრები, განათლებისა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები , AUF-ის წევრი უნივერსიტეტის რექტორები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
ცენტრის სივრცეებში ფართო სპექტრის ტრენინგები, ლექციები და სემინარები გაიმართება, როგორც ქართველი, ასევე ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობით ქართულ, ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე. ასევე, დაგეგმილია დამსაქმებელთან შეხვედრები და სტაჟირებები სტუდენტებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად.
თსუ-ში აცხადებენ, რომ ბიბლიოთეკის ინოვაციური პროექტების შედეგად ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მსოფლიოს უახლესი მიღწევების გასაცნობად და სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად.
ცენტრის საქმიანობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF და“ თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობით სტუდენტებს დასაქმებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ჩართულობის მეტ შესაძლებლობას აძლევს.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს AUF წარმომადგენლობა 2005 წლიდან არსებობს თბილისში.დღესდღეობით, საქართველოში AUF-ის წევრი 5 უნივერსიტეტია: ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი.