ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ.
ეროვნული ბანკის განმარტებით, „თიბისი ბანკის“ 2007-2008 წლების ტრანზაქციების შესწავლისას გამოვლინდა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.
პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკით“ დაინტერესება და ბანკის მიერ 2007-2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ანაკლის პორტის მშენებლობასა და ამ საკითხზე ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას უკავშირდება. ამის შესახებ თავად ხაზარაძე "ფეისბუკპოსტშიც" ყურადღებას ამახვილებს და წერს:
"დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან. არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკის ზემოხსენებული განცხადება არის ბოლო გაფრთხილება ხაზარაძისადმი, რომ "ჭკვიანად მოიქცეს".
„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, ვინ აშენებს ანაკლიის პორტს და ვინ შედის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“. დამფუძნებლები არიან - ქართველი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე, უძრავი ქონების, დეველოპმენტის და ინფრასტრუქტურული მრეწველობის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენი კურტ კონტია.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიან: TBC Holding-ი (საქართველო), Conti International-ი (აშშ), SSA Marine-ს (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd.-ი (ბულგარეთი).
საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევის პროცესში მსოფლიოს შვიდი დიდი კომპანია მონაწილეობდა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გადაწყვეტილებით, 2017 წელს ანაკლიის პორტის ტერმინალის ოპერატორი ამერიკული SSA Marine გახდა.
ამვე დროს საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა უზრუნველყოს უახლესი საგზაო და სარკინიგზო კავშირი ნავსადგურთან.
საქართველოს მთავრობა ასევე პასუხისმგებელია მოსახლეობის განსახლების პროექტზე.
საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, კონსორციუმს პორტი გადაეცა აღნაგობის უფლებით, 52 წლის ვადით, Build-Operate-Transfer-ის (BOT) პრინციპით.
ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ტენდერი 2016 წლის თებერვალში მოიგო, რომლის მიხედვითაც კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ ანაკლიაში 100 მილიონ ტონიანი გამტარუნარიანობის პორტი ააშენოს და განავითაროს.