”საქართველოს რკინიგზა” 6 თვის ოპერატიულ მონაცემებს ავრცელებს

2014 წლის 6 თვის ოპერატიული მონაცემებით, სს ”საქართველოს რკინიგზის” შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა და შეადგინა 232,4 მლნ. ლარი, რაც 8,4 %-ით (18,0 მლნ.ლარი) მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ”საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

მათივე თქმით, სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავალი გაზრდილია 5,7 %-ით (9,4 მლნ.ლარი) და შეადგინა 175,1 მლნ. ლარი, რაც განპირობებულია მშრალი ტვირთების გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვანი ზრდით. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამრეწველო ნედლეულის, შაქრის, შავი ლითონის და ჯართის ქიმიური და მინერალური სასუქების გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. მზარდი დინამიკით გამოირჩევა ასევე მარცვლეული, ცემენტი და სამშენებლო ტვირთები, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ასევე 2014 წლის განმავლობაში. სატვირთო ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 49,6 მლნ.ლარი, რაც 18,9%-ით მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლზე.