სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განმარტებას აკეთებს. საუბარია, სამთავრობო გეგმის ფარგლებში პარლამენტში წარდგენილ ინიციატივაზე, რომლითაც მათ შორის, შესაძლოა სამართლებრივად შეიზღუდოს საჯარო სამსახურში იმ პირთა დასაქმება, რომელთაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ ექნებათ გავლილი.
"ბიზნესპრესნიუსი" სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამინისტრომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინა არა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტები, არამედ იმ კანონების ნუსხა, სადაც ცვლილებათა შეტანაზე სამინისტრო მიმდინარე წლის განმავლობაში იმუშავებს.
ნუსხაში მოხვდა კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ინფორმაცია სამინისტროში გაწვევის პროცესში ჩართული უწყებებიდან და რეგიონებიდან შემოსული პრობლემატიკა, მოსაზრებები გაწვევის პროცესთან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად.
ამ ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივა მომზადებული არ არის. ნებისმიერი ცვლილება შემუშავებული და წარდგენილი იქნება მხოლოდ შეგროვებული პრობლემატიკის სრულფასოვანი ანალიზისა და ყველა უწყებასთან, თვითმმართველობებთან და პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ,"-აღნიშნულია განცხადებაში.