სავალდებულო დაზღვევა საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილის მფლობელზე გავრცელდება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განმარტა, ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ დროებით შემოყვანილი, განუბაჟებელი მანქანებია, რომელისთვისაც წლიური სადაზღვევო პრემიის გადასახადი არ იარსებებს.
„პარლამენტს მთვარობამ წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი. პროექტის გათვალისწინებით, მსუბუქი საავტომობილო საშუალებისთვის დაზღვევის ლიმიტი არის 100-150 ლარამდე; მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 50 სმ3 არ აღემატება - 75-დან 110-ლარამდე, ხოლო სატვირთო ავტომობილისთვის გათვალისწინებულია 210-260 ლარამდე. სადაზღვევო პრემიები არის წლიური და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა ის წლიურად უნდა გადაიხადოს. კონკრეტული შემთხვევის დადგომის დროს კი, ანაზღაურება შემდეგი ლიმიტით მოხდება - ჯანმრთელობის, ქმედუნარიანობის ან სიცოცხლისთვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტი იქნება 30 000 ლარი, ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის 25 000 ლარის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.
მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. დღესვე მსჯელობა გაიმართება ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში.