რუსეთის თანამონაწილეობით განვითარების ბანკი შეიქმნება, რომელიც მსოფლიო ბანკის ალტერნატიული იქნება

ახალი ბანკის შექმნა კონკურენტს გაუჩენს მსოფლიო ბანკს და მსგავს რეგიონალურ ფონდებს.

ბრაზილიის ქალაქ ფორტალეზაში მიმდინარე სამიტზე, ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ (ბრიჩს) ხელი მოაწერეს შეთანხმებას განვითარების ბანკის შექმნის შესახებ.

ახალი ფინანსური ორგანიზაცია მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატივა უნდა გახდეს. როგორც ბრაზილიის პრეზიდენტმა, დილმა რუსეფმა განაცხადა, ბრიჩს-ის ბანკი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გლობალური ფინანსური არქიტექტურის შეცვლის გზაზე.

ახალი ბანკის შექმნა კონკურენტს გაუჩენს მსოფლიო ბანკს და მსგავს რეგიონალურ ფონდებს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აზრით, განვითარების ბანკი განამტკიცებს ბანკის შემქმნელი ქვეყნების ფინანსურ დამოუკიდებლობას.

ხელმოწერილ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ბანკს საწყისი ნებადართული კაპიტალის სახით 100 მლრდ დოლარი ექნება. საწესდებო კაპიტალს კი 50 მლრდ დოლარი შეადგენს, რომელიც თანაბრადაა განაწილებული დამფუძნებლებს შორის.

რუსეთი გეგმავს ბანკის კაპიტალში 2 მლრდ დოლარი შეიტანოს 7 წლის განმავლობაში.

ბანკი სპეციალიზებული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბანკის დამფუძნებელ ქვეყნებში. ამასთან, როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, ბანკი ღიაა, საკუთარ რიგებში მიიღოს ახალი წევრები გაეროს ქვეყნებიდან.

ბანკის შტაბ-ბინა შანხაიში განთავსდება, ხოლო პირველი პრეზიდენტი ინდოეთიდან იქნება.