საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას მიმართავს, „შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები“

საერთაშორისო სავაჭრო პალატა “თიბისი ბანკსა” და მის დამფუძნებლებზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მედიას პალატის გენერალურმა მდივანმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა გააცნო.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში სს "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეზე კონცენტრირებული თავდასხმა ხორციელდება მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით, მათ შორის პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მიერ.

ეს მიზანმიმართული თავდასხმები დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან საჯაროდ გააკრიტიკა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

„თიბისი ბანკი“ არის საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. „თიბისი ბანკზე“ მიზანმიმართულმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს და საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობას.

ჩვენი მოსაზრებაა, რომ მსგავსი ქმედებები მთავრობის მხრიდან ივანიშვილის პირად დღის წესრიგში დგას, როგორც „თიბისი ბანკის“, ასევე ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით.

სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობაში წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ქრონიკულმა ჩარევამ ამ ინსტიტუტების დისკრედიტაციამდე მიგვიყვანა. „თიბისი ბანკის“ საქმის ირგვლივ ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მხრიდან იგივე ზეწოლა და ჩარევა ასევე გამოიწვევს ეროვნული ბანკის დისკრედიტაციას.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას სთხოვს, შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები; ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს, კობა გვენეტაძეს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ზეწოლას, რათა შეუნარჩუნოს ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობა;

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვუწოდებთ მას გადადგომისკენ, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ღირსება და რეპუტაცია.

ქვეყანაში ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუარესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატა შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტოს მაფიოზური დამოკიდებულება ბიზნეს სექტორის მიმართ.

ICC Georgia აქტიური მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებთან, რათა წერტილი დაუსვას უსამართლობას“ -ნათქვამია საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაში.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის ყველაზე დიდი ბიზნეს ორგანიზაცია ქვეყანაში; იგი მოიცავს 350 კორპორატიულ და ახალგაზრდულ წევრებს და 28 ბიზნეს ასოციაციას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს 6.5 მილიონზე მეტ ბიზნესსა და სავაჭრო პალატას. ICC გლობალურ დონეზე რეგულარულად თანამშრომლობს ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და გაერო

ანაკლიის პორტს თავისი კანონმდებლობა ექნება - „გვინდა, რომ ამ ზონაში იყოს ლონდონის არბიტრაჟის ანალოგი“
მამუკა ხაზარაძე - გარე საფრთხეების კი არ მეშინია, როგორც ქართველს, მაშინებს შიდა ძალები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს
მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ