სადაზღვევო ასოციაცია მთავრობას ავტომობილების სავალდებული დაზღვევის ეტაპობრივად დანერგვის პრინციპს სთავაზობს

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი მთავრობას ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის ეტაპობრივად დანერგვის პრინციპის შემოღებას სთავაზობს.

დევი ხეჩინაშვილის თქმით, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღება საქართველოში ტექდათვალიერების მსგავსად, რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს.

მისივე თქმით, შესაცვლელია კანონპროექტით გათვალისწინებული სატარიფო ბადეც.

„მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ფასის ქვედა და ზედა ზღვარი არ უნდა არსებობდეს. სატარიფო ბადე შესაცვლელია. მე ვფიქრობ, სადაზღვევო პრემიის ღირებულება მანქანის კლასების მიხედვით უნდა განისაზღვროს. ასე მაგალითად, შედარებით დაბალ ფასიანი ავტომობილის დაზღვევა გაცილებით იაფი უნდა იყოს, ვიდრე ძვირადღირებული, დიდძრავიანი ავტომობილის" - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

მისივე თქმით, სავალდებულო დაზღვევის ფასები ამ ეტაპზე თითქმის მთელ მსოფლიოში დერეგულირებულია.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის საკითხი დღეს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით. კერძოდ:

ა) მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;

ბ) მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;

გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება –160.00 – 240.00ლარი;

დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება–210.00-310.00ლარი;

ე) მისაბმელისათვის – 50.00-75.00 ლარი;

ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00-90.00 ლარი.

ქრისტინე გამთენაძე