ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ანაკლიის პორტი რეგიონის ქვეყნებში საინვესტიციო გარემოს შეცვლის - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივესიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მას მინიმუმ 10 000-კონტეინერიანის გემების მიღება შეეძლება.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უკვე 50 წელიწადზე მეტია არსებობს. „პირველი პროექტი 1966 წელს შეიქმნა, მეორე პროექტი - 1977 წელს, მესამე 1992 წელს, უკვე შემდგომ იყო დაახლოებით იგივე პროექტი, თუმცა ლაზიკას სახელით. უკვე 2014 წელს მე და ჩემმა ამერიკელმა ჯგუფელმა მთავრობას შევთავაზეთ, რომ თუ გამოაცხადებდნენ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერს, ჩვენ მზად ვიყავით ამ პროექტს შევჭიდებულიყავით. გამოცხადდა ტენდერი, სადაც 12-მა ძალიან მსხვილმა და მათ შორის, საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ჩვენ გავიმარჯვეთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
ბიზნესმენმა სტუდენტებთან ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის გრანდიოზული პროექტი, რომელიც თამაშის წესებს შეცვლის.
„ანაკლიის პორტი - ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შემოტრიალების პროექტი არის, ეს არის რეგიონალური პროექტი, რომლითაც ძალიან ბევრი ქვეყნის ეკონომიკა, საინვესტიციო გარემო და საბრუნი კაპიტალის სტრუქტურას შეიცვლება, ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ.
დღეს საქართველოში არის 2 პორტი, ბათუმის და ფოთის პორტი, ეს უკანასკნელი წლის განმავლობაში მუშაობს დაახლოებით 250 დღეს, დაახლოებით 100 დღე პორტი სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო არის გაჩერებული. პორტის სიღრმე არის 8,5 მეტრი, მაქსიმუმ შეიძლება 9 მეტრი. ფოთის პორტს შავ ზღვაზე მცურავე გემების მხოლოდ 25%-ის მიღება შეუძლია, ეს 25% არის ის გემები, რომლებიც მაქსიმუმ 1400 კონტეინერს იტევს. არადა, თანამედროვე მსოფლიოში გემების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, რადგან, რაც უფრო დიდია გემი, მით უფრო დაბალია გადაზიდვის ტარიფი და დიდია ეკონომიკური ეფექტი როგორც გადამზიდავი კომპანიისთვის, ასევე პორტისთვის და ქვეყნისთვის, სადაც ეს გემი შედის. ჩვენ პრაქტიკულად გემების 75%-ს, რომლებიც შავ ზღვაში დაცურავს, ვერ ვიღებთ.
შესაბამისად, ანაკლიის 16-მეტრიანი სიღრმის მქონე პორტი საქართველოს ამ პრობლემას მომავალი 100-150 წლის განმავლობაში მოუხსნის. ეს არის სიღრმე, რომელიც მინიმუმ 10 000-კონტეინერიან გემს მიიღებს“, - განაცხდა მამუკა ხაზარაძემ.