დღეიდან „მაგთის“ აბონენტებისთვის ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა

დღეიდან „მაგთის“ აბონენტებისთვის ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია წინა თვეში გაავრცელა.

საფასური „მაგთის“ აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი იქნება და მისი ჩამოჭრა აბონენტებისთვის ყოველთვიურად მოხდება.

„ნომრის მომსხურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას შეუზღუდავად მიიღებთ. ანგარიშზე თანხის ამოწურვისას ნომერი გაითიშება ცალმხრივად და შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებს მიიღებთ 150 დღის განმავლობაში; ნომრის ცალმხრივად გათიშვიდან 151-ე დღეს ნომერი გაითიშება ორმხრივად, ხოლო ორმხივად გათიშვიდან 30 დღეში (თუ არ შეივსო ანგარიში) ნომერი გაუქმდება,“-აღნიშნულია „მაგთის“ განცხადებაში.

ამასთან, კომპანია „მაგთიკომის“ ცნობით, თანხის ჩამოჭრა ნომრის ანგარიშიდან ავტომატურად მოხდება. მათივე ცნობით, ნომრის მომსახურების საფასურის ჩამოჭრა ვერ მოხერხდება, თუ ჩამოჭრის მომენტში ნომერი ორმხრივადაა გათიშული, რის შემდეგაც ნომერი ზემოთ აღწერილი წესის მიხედვით გაუქმდება.

შეგახსენებთ, რომ როგორც გასულ თვეში კომპანიებმა განაცხადეს, ისინი სატარიფო პოლიტიკის ცვლილებასაც გეგმავდენ. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოწოდების შემდეგ, „სილქნეტმა“ ტარიფების ცვლილება დროებით შეაჩერა, ხოლო „მაგთიკომმა“ თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, რის გამოც კომისიამ კომპანიას 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. კერძოდ, კომპანიას პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა. შესაბამისად, „მაგთის“ არსებული 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის ფასი აღარ გაძვირდება.

თაია არდოტელი