ირაკლი ღარიბაშვილმა BENS-ის დელეგაციასთან ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა BENS-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაციის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას სჯერა, რომ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან, სფეროში დასაქმებულთა რიცხვისა და სატრანსპორტო უსაფრთხოების ზრდასთან.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ამის მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას შორის, ასევე, ანაკლიის პორტის პროექტი, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობის გარდა ბევრი სხვა უპირატესობა აქვს.

შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები მნიშვნელოვნად გაზრდის, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მიმზიდველობას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას BENS-ის პრეზიდენტი, გენერალი ნორტონ შვარტცი, ორგანიზაციის დირექტორი პოლიტიკის საკითხებში ჯული გრუნდმანი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის წარმომადგენლები, ამერიკული საბროკერო, საკონსულტაციო და უძრავი ქონების მსხვილი კომპანიების ვიცე-პრეზიდენტები და აღმასრულებელი დირექტორები.