„ჩვენ გვინდა პორტი, სადაც ადგილზე დაიწყება  წარმოება და გადამუშავება “

„რატომ მოვიგეთ ტენდერი, ამას მარტივი პასუხი აქვს. ჩვენ არ გვინდოდა პორტი, სადაც ვიღაც ცენტრალური აზიიდან გამოაგზავნის კონტეინერს, მხოლოდ გადავტვირთავთ და მეტი არაფერი. ჩვენ გვინდა პორტი, სადაც ადგილზე დაიწყება წარმოება, გადამუშავება და ა.შ. სწორედ ეს იდეა მოეწონათ და ამიტომ გავიმარჯვეთ“, - ასე განმარტა ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების მიზეზები.

ამის შესახებ ბიზნესმენმა 12 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

მისი თქმით, ტენდერის პირობები იყო მარტივი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ამბობდა, რომ ინვესტორს მისცემდა 1000 ჰექტარ მიწა, რომელზეც უნდა აშენებულიყო 100 მლნ ტონა ტვირთვის მოცულობის პორტი. ხოლო 50 წლის მერე, უკვე ამუშავებული პორტი სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დაბრუნებულიყო.

„ჩვენ დავიქირავეთ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო კომპანია, რომელთან ერთად მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ პორტი აღარ არის ადგილი, სადაც კონტეინტერები უბრალოდ უნდა დაასაწყობო. პორტი არის ალგორითმი იმის შესახებ, თუ სად, როდის და რომელი კონტეინერი რომლის ქვეშ უნდა დაალაგო. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, სისწრაფე და ეფექტურობა დამოკიდებულია ამაზე. მაგალითად, საკვები კონტეინერი რომ არ უნდა მოხვდეს ქვედა რიგში და ა.შ. ანუ ეს არის სწრაფად მოძრაობის ფორმულა. როგორც კი ამას ჩავუღმავდით, მივხვდით, რომ 100 მლნ ტონა ტვირთისთვის 1000 ჰექტარი საერთოდ არ გვჭირდება. როდესაც ჩვენს კონსულტანტებთან ერთად, ამ პრინციპით წავედით, გადავხედეთ გამოცდილი, თანამდროვე პორტების მაგალითს, აღმოვაჩინეთ, რომ ამას სჭირდება 350 მაქსიმუმ - 400 ჰექტარი მიწა. ამის შემდეგ, მივედით სახელმწიფოსთან და ვუთხარით, რომ ვცვლით მიდგომას, 100 მილიონი სიმძლავრისთვის გვჭირდება მხოლოდ 400 ჰექტარი, დანარჩენი მიწა მოგვეცით და იქ ავაშენებთ ქალაქს, რომელიც იქნება სპეციალური ეკონომიკური ზონა. იმიტომ, რომ საქართველო არ უნდა იყოს განხილული, როგორც სატრანზიტო ქვეყანა.

ჩვენ არ გვიდა ვიყოთ პორტი, სადაც ვიღაც ცენტრალური აზიიდან გამოაგზავნის კონტეინერს, გადავტვირთავთ და მეტი არაფერი. ჩვენ გვინდა პორტი, სადაც ადგილზე დაიწყება წარმოება, გადამუშავება და ა.შ. სწორედ ეს იდეა მოეწონათ და ამიტომ გავიმარჯვეთ. მე ვფქირობ, ეს არის ერთ-ერთი სწორი მიდგომა, რადგან ეს ქმნის სამუშაო ადგილს და დამატებით ღირებულებას ქვეყნისთვის. გარდა ამისა, გვაძლევს თავისუფალი ეკონომიკური ვაჭობის შეთანხმებების რეალიზების საშუალებას, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან ჩინეთთან და ახლა იცით, რომ მოლაპარაკებები მიდის ინდოეთთან და აშშ-თანაც. ანუ პრაქტიკულად, საქართველოს და ამ შემთხვევაში ანაკლიას, აქვს აბსოლუტურად უნიკალური პოზიციონირება, რომ ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი, მიიღოს ნებისმიერი ზომის გემი. ამასთან, მოხდეს ამ პროდუქციის გადამუშავება და შემდეგ, როგორც ქართული პროდუქტის ისე გადაგზავნა, ჩინეთის, ევროპის და ა.შ. მიმართულებით“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნინი ქეთელაური