დაუზღვეველი ან დაუდგენელი ავტომობილების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება სპეციალურად შექმნილი ბიუროს ფონდიდან მოხდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ განუცხადა. ირაკლი თუთარაშვილის განცხადებით, თავად ბიუროს ფონდში თანხა მოზიდული სადაზღვევო პრემიიდან კომპენსირდება.
„სადაზღვევო კომპანიამ ბიუროს ფონდში თითოეული მოზიდული პრემიის 2 პროცენტი უნდა გადაიხადოს. ამასთან, სადაზღვევო კომპანიამ მოზიდული პრემიის ერთი პროცენტი სავალდებულო დაზღვევის ბიუროში პრევენციული ღონისძიებების ხარჯებისთვის უნდა შეიტანოს", - განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბიურო ავტომობილის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამდე ჩამოყალიბდება და მასში იქნება თავმოყრილი მთელი საინფორმაციო ბაზა დაზღვეული და ზოგადად საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების შესახებ.