ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან შემოვიდა

2014 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 126.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 224.3 მლნ ლარი შეადგინა.

აღნიშნული მაჩვენებელი 5.4 მლნ აშშ დოლარით (9.5 მლნ ლარით), ანუ 4.4 პროცენტით მეტია 2013 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.5 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა - 64.5 მლნ აშშ დოლარი. ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერობენ ასევე შემდეგი ქვეყნები: საბერძნეთი (18.4 მლნ აშშ დოლარი), იტალია ( 10.4 მლნ აშშ დოლარი), აშშ (6.7 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი ( 5.8 მლნ აშშ დოლარი) და ესპანეთი ( 2.4 მლნ აშშ დოლარი).

2014 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.1 მლნ აშშ დოლარი (25.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. გასული წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 12 მლნ აშშ დოლარი (19.9 მლნ ლარი) იყო.