თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რატომ დაიწყო ეროვნულმა ბანკმა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლა. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რატომ დაიწყო მარეგულირებელმა 11 წლის წინანდელლი ტრანზაქციის შესწავლა, ამის შესახებ ჩვენ პასუხი არ გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან და მივაწოდეთ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც გვთხოვეს და მომავალშიც ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.
ამავე დროს, ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.