„აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე - ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებს

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ აუდიტის დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარებს გამაფრთხილებელი წერილები დაუგზავნა და მათი მხრიდან დარღვევების გამოუსწორებლობის შემთხვევაში საქმის სასამართლოში გადაცემას გეგმავს.

როგორც სააგენტოს დირექტორის მოადგილემ თორნიკე სულაბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოველთვის ითვალისწინებენ აუდიტის რეკომენდაციებს.

„აუდიტის დასკვნაში იყო საუბარი 5 000 ბენეფიციარიდან 46-ზე, რომელთა მხრიდანაც შესაძლოა, არამიზნობრივად მოხდა თანხების დახარჯვა. ამის საფუძველზე ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ინსპექტირების ჯგუფი, რომელმაც უკვე განახორციელა აღნიშნული ბენეფიციარების ინსპექტირება. გარდა ამისა, ჩვენ ოფიციალურად დავაგზავნეთ წერილები, რომ თუ ეს ბენეფიციარები მიზანმიმართულად არ გაასწორებენ ხარჯვას ან არ დააბრუნებენ თანხას უკან, შემდგომში უკვე სასამართლოში გადავცემთ ამ საქმეს“, - განმარტა თორნიკე სულაბერიძე.

ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ "აწარმოე საქართველოში" პრობლემური ბენეფიციარების შესახებ სრულ ინფორმაციას ვერ ფლობენ. ანგარიშში საუბარი იყო 46 ბენეფიციარზე, რომელმაც არ შეასრულა კონტრაქტის პირობები, თუმცა აუდიტის მიმდინარეობისას სააგენტოს ბენეფიციარებზე გაცემული 315 104 ლარის უკან დაბრუნებისთვის შესაბამისი ქმედებები არ განუხორციელებია.

სურგულაძის თქმით, სააგენტო მონიტორინგის პროცესში საგრანტო ან თანადაფინანსების პროგრამების ბენეფიციარებს ყოველთვის აძლევს ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მათი გამოსწორების შესაძლებლობას, რადგან სააგენტოს ინტერესი ბიზნესის დახმარებაა და არა მისთვის პრობლემების შექმნა.

„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, როგორ აკონტროლებს სააგენტო ბენეფიციარების შერჩევის პროცესს, რამდენადაც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სააგენტოში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფდა კონტრაქტორების მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხის შემოწმებას.

„მიკროგრანტების პროგრამაში 4 ქვკონტრაქტორი კომპანია არჩევდა ბენეფიციარებს, მათ მიმართ ხორციელდება მონიტორინგი, მინდა აღვნიშნო, რომ წინა წელს, როდესაც შეირჩეოდნენ ბენეფიციარები, ჩვენი თანამშრომლები გაუფრთხილებლად მიდიოდნენ და ესწრებოდნენ გასაუბრებას, რაც ჩემი აზრით, კარგი კონტროლის მექანიზმია“,-აცხადებს სულაბერიძე.

შეგახსენებთ, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რის ფარგლებშიც ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 4 კომპანიასთან. ესენია: შპს "თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი", "რეგიონული განვითარების ასოციაცია", "საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია-საქართველოს სკაუტები" და შპს "ჯი ემ სი ჯი". სწორედ აღნიშნული კონტრაქტორი კომპანიების რეკონემდაციების საფუძველზე გასცემს "აწარმოე საქართველოში" ბიუჯეტის ფულს, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის.