საქართველოს ცემენტის ასოციაციამ მეექვსე ფარული ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა.
2019 წლის იანვრის ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის ოცდაცხრა (29) სახეობიდან მხოლოდ თხუთმეტმა (15) პროდუქტმა (52%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი. თხუთმეტი (15) ნიმუშიდან ხუთი (5) საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა. შემოწმებული ოცდაცხრა (29) ნიმუშიდან თოთხმეტმა (14) ვერ გადალახა ბარიერი, აქედან შვიდმა (7) კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<15 მპა).
აღსანიშნავია, რომ შედეგები გაუმჯობესდა 2018 წლის ნოემბრის ტესტირების შემდეგ, როცა ოცდათექვსმეტი (36) ნიმუშიდან მხოლოდ ცამეტმა (13) გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (36%). საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირება პოზიტიურ ეფექტს ქმნის საქართველოს ცემენტის ბაზარზე, რისი დასტურიცაა 2019 წლის იანვრის ფარული ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი. შემოწმებული ცემენტის სახეობების 52 %-მა დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტი EN197-1. ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა ეტაპობრივად გააუმჯობესა მათი პროდუქციის ხარისხი, ხოლო დანარჩენმა კომპანიებმა პოზიტიური შედეგები პირველად აჩვენეს.
იმ კომპანიებს, რომლებმაც გარკვეული დროის მანძილზე დააკმაყოფილეს ევროპული სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაძლებლობა აქვთ გახდნენ საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრები.
2018 წლის ნოემბერში, საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიერ პირველად მოხდა იმპორტირებული შეფუთული ცემენტის ხარისხის შემოწმება. შეფუთვაზე მითითებული სტანდარტის მოთხოვნა შვიდი (7) იმპორტირებული ნიმუშიდან მხოლოდ სამმა (3) დააკმაყოფილა. აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ ყველა იმპორტირებული ცემენტი აკმაყოფილებს მოთხოვნას. შესაბამისად, ქართველი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იმპორტირებული ცემენტის ხარისხის შემოწმება, რათა მოხდეს იმ პროდუქტის გამოვლენა, რომელიც არ ესადაგება საკუთარ შეფუთვაზე მითითებულ სტანდარტს.
2019 წლის 15 იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. საქართველოს ცემენტის ასოციაცია იმედოვნებს, რომ სააგენტო იქნება აქტიური და შეურიგებელი უხარისხო პროდუქციასთან ბრძოლის საკითხში.
ცნობისათვის, 2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინიციატივით საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის 6 ფარული ტესტირება ჩატარდა. 214 შემოწმებული შეფუთული ცემენტიდან, მხოლოდ 35% აკმაყოფილებს სტანდარტს EN197-1, დანარჩენი საგანგაშო 65%-მა ვერ გადალახა საჭირო ბარიერი. საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიზანია ადგილობრივი ცემენტის მწარმოებლების ხელშეწყობა, რათა აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამ მხრივ მაქსიმალური გამჭვირვალეობის შექმნა ქართველი მომხმარებლისთვის.
პრესკონფერენციას დაესწრება ქ-ნი რუსო სანაძე დეველოპერული კომპანია m²-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ტექნიკური ზედამხედველობის და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომელიც ისაუბრებს მაღალი ხარისხის სამშენებლო პროდუქციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე მშენებლობაში.